გიორგი და მარიამი

Category:
1
960.00 of 120,000.00

გიორგი და მისი უმცროსი და, მარიამი, საქართველოს კარიტასის ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლში გაიზარდნენ. სახლი 6-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ემსახურება. ჩვენი მიზანია, აღსაზრდელებს ოჯახური გარემო შევუქმნათ. ვიცით, მათ დედას და მამას ვერასდროს შევუცვლით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ვაგრძნობინოთ სითბო, ყურადღება და სიყვარული, რათა თავი მარტო არ იგრძნონ.

გამოწვევა

გიორგიმ და მარიამმა მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგეს. იმ დღიდან მოყოლებული, უკვე 12 წელია, რაც კარიტასში ცხოვრობენ. დღეს კი, და-ძმა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას. გიორგი უკვე სრულწლოვანია. მან მცირე საოჯახო ტიპის სახლი ერთი წლის წინ დატოვა და გადავიდა საქართველოს კარიტასის სხვა მომსახურებაში. აღნიშნული პროექტი სამი წლის განმავლობაში საცხოვრებლით უზრუნველყოფს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან გასულ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.

მარიამი სულ ახლახან გახდა 18 წლის და მასაც უწევს კარიტასი მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვება. გიორგი და მარიამი დიდი შემართებით იღწვიან წარმატებული მომავალისთვის. მათ არ სურთ ქუჩაში დარჩენა. კარგად აცნობიერებენ, რომ ვერავითარი სურვილი ვერ ახდება თავდაუზოგავი შრომისა და სწავლის გარეშე. სწორედ ამიტომ, გიორგი უმაღლესი სასწავლებლის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, პარალელურად მუშაობს კარიტასში, რათა ჰქონდეს ყოველდღიური შემოსავალი. მარიამი წელს აბიტურიენტია, მისი მიზანია, გახდეს მათემატიკოსი. მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი თავისი მცირედი ხელფასით სახლის ქირის გადახდას ვერ შეძლებს. მარიამის მუშაობის შემთხვევაშიც კი, მათი, ორივეს ხელფასი სახლის ქირას ძლივს გასწვდება, რომ არაფერი ვთქვათ, ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

დღესდღეობით, თბილისში ორსაძინებლიანი ბინის ქირა თვეში 250$-500$-მდე მერყეობს. საქართველოში, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო შემოსავალი 347$, ხოლო ყველაზე დაბალი 100$-ია. (წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/wages). გიორგი და მარიამი კარიერის საწყის ეტაპზე არიან, ისინი ახლა იწყებენ მუშაობას. შესაბამისად, საშუალო შემოსავლის ქონის შესაძლებლობა არ აქვთ. ბინის ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ისინი ქუჩაში აღმოჩნდებიან. გარდა ამისა, საქართველოში დასაქმების ბაზარი არასტაბილურია, უმუშევრობის დონე კი საკმაოდ მაღალია. (წყარო:: https://www.statista.com/statistics/812017/youth-unemployment-rate-in-georgia/)

იმედი

მათ არ იციან, სად უნდა წავიდნენ, რას უმზადებს მომავალი, მაგრამ იმედით აღვსილებს კარგად ახსოვთ, საიდან დაიწყო ყველაფერი. 2009 წლის ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს გიორგიმ და მარიამმა კარიტასის კარი შეაღეს, სადაც სითბო და სიყვარული იპოვეს.

„ჩემთვის სახლი სითბოსთან ასოცირდება და კიდევ, ჩემს ძმასთან.“ - ამბობს მარიამი. მას ყველაზე მეტად ძმასთან ერთად ცხოვრება სურს. ისეთი ცხოვრება, რომელშიც იგი შეძლებს შექმნას იმგვარივე სითბო, როგორიც კარიტასში აღმოაჩინა.

გამოსავალი

სამყარო ისეა მოწყობილი, რომ უმეტესწილად ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში მშობლები ეხმარებიან. ეს დახმარება ხშირად გამოიხატება საცხოვრებელი სივრცის უზრუნველყოფით და შეძლებისდაგვარად, კარგი განათლების მიცემით. თუკი ორივე მშობლით ობოლ გიორგის და მარიამს ერთობლივად დავეხმარებით, ორი ახალგაზრდის ცხოვრებას ძირეულად შევცვლით.

უსაფრთხო გარემოში ორსაძინებლიანი ბინა დაახლოებით 45000$ ღირს. თქვენი თუნდაც მცირედი შემოწირულობით, გიორგის და მარიამს ექნებათ სახლი, სადაც და-ძმა ერთმანეთზე იზრუნებს. თქვენი თანამონაწილეობით ორ ახალგაზრდას არ შეეშინდება ქუჩაში დარჩენის და თამამად ივლიან წინ, დასახული მიზნებისკენ.